ჩვენი სკოლა ქალაქში ცნობილი ბილანიშვილების სკოლის მემკვიდრეა. იგი სხვადასხვა დროს იწოდებოდა დაწყებით სკოლად, გიმნაზიად, 32-ე შრომის, 45-ე ქალთა, მე-8 საშუალო სკოლად. მის კედლებში აღიზარდა უამრავი ცნობილი პიროვნება.
დრომ ბევრი რამ უჩინარი გახადა, ბევრ რამეს ჩამოეფარა მივიწყების ფარდა, მაგრამ ნათქვამია: ,,ეძიებდე და პოვებდე”. ბევრ საინტერესო მასალას მივაკვლიეთ, რაც ჩვენი სკოლის ისტორიას უკავშირდება.
ნაძალადევის რაიონის უხუცესი მოსახლეობა დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებს დებს-ელენე და სოფიო ბილანიშვილებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ახალგაზრდობის განათლების უკეთილშობილეს საქმეს მიუძღვნეს.
ლამაზი, ელეგანტური, არისტოკრატიული მანერებით, ნამდვილი მასწავლებელი - ელენე ბილანიშვილს ასე ახასიათებენ ყოფილი მოსწავლეები.
ბილანიშვილებმა 1913 წელს პატარძეულში გაყიდეს კუთვნილი მამული და თბილისში დასახლდნენ. ლოტკინის ქ.36-ში იჯარით აიღეს სახლი, სადაც გახსნეს კლასები დაწყებითი განათლებისთვის. მოსწავლეთა შეგროვება დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ამაგდარი ქალბატონი თვითონ დადიოდა ქუჩა-ქუჩა და ეხვეწებოდა მშობლებს, გამოეშვათ თავიანთი შვილები სკოლაში. სწავლება, მართალია, ფასიანი იყო, მაგრამ შემოსავალი მაინც ვერ ფარავდა გასავალს. მიუხედავად ამისა, შეღავათები ყოფილა გაჭირვებული ოჯახებისთვის.
1917 წელს დაწყებითი სკოლა გადაკეთდა ქალ-ვაჟთა გიმნაზიად.
1920 წელს ბილანიშვილის კერძო გიმნაზია სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ გადავიდა. გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა გიორგი გეგელაშვილი.
ქალბატონი ელენე ბილანიშვილის ღვაწლი ერთხელ კიდევ გაიხსენეს 1933 წელს, როცა მისმა სპეტაკმა სულმა სამუდამო სასუფეველში დაიდო ბინა.
,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან”. ელენე ბილანიშვილმა სიცოცხლეშივე დაიდგა ძეგლი. ამ ძეგლს სიყვარული ჰქვია, რომელიც ყველა გამოცდას უძლებს და უფრო უკვდავია, ვიდრე ნებისმიერი ქანდაკება.
1921 წელს ,,ბილანიშვილის” ყოფილ გიმნაზიას 32-ე ,,შრომის სკოლა” ეწოდა. სახელმა არ დაგაბნიოთ-ასეთი სკოლა მაშინ თბილისში ბევრი ყოფილა, ერთ-ერთი მოწინავე კი მათ შორის -32-ე.
1943 წელს განათლების კომისარიატის ბრძანებით (რომელიც ითვალისწინებდა ქალთა და ვაჟთა ცალ-ცალკე სწავლებას) სკოლას ეწოდა 45-ე ქალთა სკოლა.
1953 წელს ქ. თბილისის 45-ე ქალთა სკოლის დირექტორად დაინიშნა ქალბატონი ქეთევან ნახუცრიშვილი. სულით ხორცამდე პედაგოგი, საქმის უსაზღვროდ ეთგული და მოყვარული, უმკაცრესი და უსაყვარლესი ქალბატონი... ასეთი ახსოვთ რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი, მრავალი ორდენისა და მედლის მფლობელი, სკოლის ყოფილი დირექტორი ქეთევან ნახუცრიშვილი.
1954 წელს ქალ-ვაჟთა გაერთიანებულ სკოლას ეწოდა მე-8 საშუალო სკოლა.
1968 წელს მე-8 სკოლამ ახალმოსახლეობა იზეიმა.
1973 წელს ქ. თბილისის მე-8 საშუალო სკოლის დირექტორად დაინიშნა ღვაწლმოსილი პედაგოგი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი ბატონი აკაკი კივილაძე.
ბატონმა აკაკიმ ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო მე-8 სკოლას. იგი ღირსეულად აგრძელებდა სკოლის ბრწყინვალე ტრადიციებს. ბატონი აკაკი მხოლოდ დირექტორი როდი იყო, ყოველი ახალი საქმის თაოსანი და ორგანიზატორი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასწავლო- შემოქმედებითი კონფერენციები მხოლოდ განათლების ეგიდით ტარდებოდა, მე-8 საშუალო სკოლაში ტრადიციად იქცია. დაიწყო უძილო ღამეები და მოუსვენარი დღეები. შეიქმნა სექციები საგნების მიხედვით. განისაზღვრა თითოეული სექციის შემოქმედებითი მიმართულებანი. სექციების მუშაობაში უნდა ჩაბმულიყო ყველა ასაკისა და დონის მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობდა ბავშვთა მასობრივ ჩაბმას საზოგადოებრივ სასარგებლო შრომაში. 1974 წლის აპრილში ჩატარდა პირველი მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია.
არსებობს სიტყვა ვეტერანი, რაც დიდ ხანს ნამსხურ, ომგადახდილ მეომარს ნიშნავს. ბატონი აკაკი სწორედ ბრძოლისა და შრომის ვეტერანი გახლავთ. მისი ინიციატივით სკოლას საბრძოლო დიდების მუზეუმი აქვს, სადაც ინახება უნიკალური საბრძოლო ექსპონატები, სამამულო ომის დროინდელი სამკუთხა ბარათები, მრავალი გმირისა და ვეტერანის სურათი. ჩვენი სკოლის ცხოვრების ისტორიული მასალებიც მის მერ დიდი რუდუნებით არის შეგროვილი და დაცული, რამაც ასახვა ჰპოვა წიგნში: ,,კიდევაც დაიზრდებიან...”
ბატონი აკაკი კივილაძის ღვაწლსა და ამაგს უკვალოდ არ ჩაუვლია.
დღეს თბილისს N8 საჯარო სკოლა აკაკი კივილაძის სახელს ატარებს!
No comments:
Post a Comment